რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა დაიწყო

თავიდან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე რეფერენდუმი 22 აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ პროცესი გადაიდო ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მოსკოვსა და ნიჟეგოროდის ოლქში დღეიდან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ელექტრონული ხმის მიცემა დაიწყო, იუწყება რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია. 

პუტინი არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენდუმი 1 ივლისსაა დანიშნული, თუმცა ხმის მიცემის შესაძლებლობა რუსეთის მოქალაქეებს უკვე დღეიდან ეძლევათ.

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის სიაში 1 190 726 მოქალაქეა შესული, რომელთაგან 1 051 155 მოსკოვში, ხოლო 139 571 ნიჟეგოროდის ოლქში ცხოვრობს.  

თავიდან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე რეფერენდუმი 22 აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო პროცესი გადაიდო. მოგვიანებით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რეფერენდუმი 1 ივლისს ჩატარდება. ამასთან, გადაწყდა, რომ ქვეყნის მოქალაქეებს შვიდი დღის განმავლობაში ექნებათ ხმის მიცემის საშუალება: 25 ივნისიდან 1 ივლისამდე.

პუტინი: რუსეთში არავის და არასდროს არ მივატოვებთ გასაჭირში>>

მიმდინარე კვირაში რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცვლილებები ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ქვეყნის მოსახლეობა მხარს დაუჭერს მათ. პრეზიდენტის თქმით, „სწორედ ხალხის ნებაა პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საიმედო პირობები შეიქმნას ქვეყნის თავდაჯერებული, დინამიური და ხანგრძლივი განვითარებისთვის“.