„მთავარი არხის“ სიუჟეტის გმირებით სუს-ი დაინტერესდა

ჟურნალისტების რესპონდენტები სუს-ში გამოკითხეს სულ სხვა საქმეზე, მაგრამ რომელიც ასევე ეხება ცრუ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური „მთავარი არხის“ სიუჟეტის ორი გმირი - არკინაზ გულიევი და ზანურა თალიბოვი სუს-ში გამოკითხეს სხვა საქმეზე, რომელიც არ ეხება სიუჟეტში გაშუქებულ თემას - საქართველოში კორონავირუსის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქოსდა ხელოვნურ გაზრდას, განუცხადეს Sputnik-საქართველოს უწყებაში.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი >>

როგორც სუს-ში განმარტეს, ქალები გამოკითხეს მოწმეების სტატუსით საქმეზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებას ეხება და აღიძრა სიუჟეტის ეთერში გასვლამდე. ამასთან, სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა სახის შეტყობინებაზეა საუბარი და როდის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს საბოტაჟს, ანუ საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ სიუჟეტს, ის ეთერში 20 ივნისს გავიდა. ტელეარხი ამტკიცებდა, რომ ექიმები და ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებთან და სთავაზობენ ფულად თანხებს იმის სანაცვლოდ, რომ მათ სიკვდილის მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ. რესპონდენტები არკინაზ გულიევი და ზანურა თალიბოვი აცხადებდნენ, რომ მათ ოჯახებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 ათასი ლარი შესთავაზეს.

Facebook-ზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ყალბი აკაუნტი შექმნეს

სუს-ში გამოკითხვამდე თალიბოვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მან ეს ინფორმაცია ბაზარში შეიტყო, თუმცა კონკრეტული მაგალითების შესახებ თავად არაფერი სმენია.

მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობს და მის მიერ სიუჟეტში ნათქვამი სიტყვები ჭორებს ეფუძნება.

„მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაცია „კორონავირუსით გარდაცვალების“ სანაცვლოდ 10 ათასი ლარის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში უარყვეს. კორონავირუსის გამო ლეტალური შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაყალბების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, თითოეული გარდაცვლილი პაციენტის ისტორიასთან დაკავშირებით გაცემულია დეტალური ინფორმაცია და ინფიცირების ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დამახინჯებულა.

ბრალდებით აღშფოთებულია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც, რომლის კლინიკაში დაავადებულთა ძირითადი ნაწილი მკურნალობს. ინფექციონისტმა ტელეარხი მიზანდასახულ დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 917-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 776 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან 14 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.