თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მორაგბეები, ასევე ძიუდოისტი, ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი დაიკითხნენ. ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
სპორტსმენი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.
„კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის „ტოიოტაში“, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან წამოიყვანეს, ორი მორაგბის გარდა, კიდევ ოთხი პირი იჯდა და ერთ-ერთი სწორედ ტატიაშვილი იყო.
მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარეკვავში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანეს.
18 ივნისს მცხეთაში ერთ-ერთ დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე შელაპარაკება „ნახალოვკელებსა” და „საბურთალოელებს” შორის მოხდა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ. შემდეგ კონფლიქტი ავტომაგისტრალზე გაგრძელდა.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივნისს შევიდა, რის საფუძველზეც დაიწყო გიორგი შაქარაშვილის ძებნა და აღიძრა საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.
ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის კვალი სწორედ არაგვის ნაპირზე გაქრა, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.
მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები ამ დრომდე მიმდინარეობს.