თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ანა დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძის უფლებამოსილება მისი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს შეაჩერა.
ანა დოლიძემ უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და დააარსა საკუთარი ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის", ხოლო შემდეგ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა. ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის პოსტს საქართველოს პრეზიდენტის კვოტით 2018 წლიდან იკავებდა. რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც დოლიძე როგორც კოლეგების, ისე პრეზიდენტის მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა.
სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძეს მოუწოდა „მიიღოს დროული გადაწყვეტილება“ და უფლებამოსილება მოიხსნას.