ტურიზმი იხსნება: რამდენი ქვეყნის საზღვარია ღია ტურისტებისთვის

სახელმწიფოების 20%-ზე მეტი ტურისტულ მოგზაურობებზე შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის, თუმცა 141 ქვეყნის საზღვარი უცხოელი ტურისტებისთვის ჩაკეტილია.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ტურიზმის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის, კომპანიისა და ნაციონალური ეკონომიკისთვის, განაცხადა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO)  გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ამ პანდემიის ფონზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაწესდა მასშტაბური აკრძალვები – გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გაჩერდა ტურიზმი. ახლა შეზღუდვების შერბილების პროცესი დაიწყო, თუმცა ე.წ. „ლოკდაუნისგან“ ეკონომიკამ დიდი ზარალი მიიღო. 

ტიკარაძე: რა პროცედურების გავლა მოუწევთ უცხოელ ტურისტებს საქართველოში

„მოგზაურობაზე დაწესებული გლობალური შეზღუდვების ბოლო მიმოხილვა აჩვენებს, რომ სულ უფრო ბევრი ქვეყანა იწყებს იმ შეზღუდვების შერბილებას, რომლებიც მათ COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ შემოიღეს“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

WTO-ს მონაცემებით, 48 ქვეყანა (22%) გადაადგილებაზე შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებს. ერთი თვით ადრე, 18 მაისს ასეთი იყო შვიდი (3%). კერძოდ, საზღვრების გახსნა დაიწყო ევროპის 37-მა ქვეყანამ, ამერიკის კონტინენტის ექვსმა ქვეყანამ, აზია–წყნარი ოკეანის რეგიონში სამი მიმართულებაა და ორი სახელმწიფო აფრიკაში, აღნიშნავს ორგანიზაცია.

ამავე დროს, მსოფლიოს 141 ქვეყნის (65%) საზღვარი უცხოელი ტურისტებისთვის ჯერჯერობით ჩაკეტილია.

„კრიზისი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და WTO გააგრძელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წევრ სახელმწიფოებთან მუშაობას, რომ შემსუბუქდეს პანდემიის ზემოქმედება, რათა როცა დრო მოვა, ტურიზმმა შეძლოს ხელი შეუწყოს  საპასუხისმგებლო და სტაბილურ აღდგენას“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

1 ივლისიდან საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას გეგმავს. თუმცა, ევროპის მრავალ ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის გამო ჯერჯერობით უცნობია, რომელ სახელმწიფოებზე მიდის საუბარი. ქვეყნის მთავრობა ტურიზმის გახსნას სიფრთხილით უდგება. სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია და გადაწყვეტილების მიღება მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით მოხდება.