თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური „მთავარი არხის“ თანამესაკუთრე გიორგი რურუამ ოპოზიციას მიმართა თხოვნით, მონაწილეობა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში.
გიორგი რურუა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. თუმცა ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, საპარლამენტო პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მას „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევენ და მის გათავისუფლებამდე უარს აცხადებენ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
„მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, - ნათქვამია რურუას განცხადებაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ოპოზიციის განცხადებით, ისინი პოზიციას არ შეიცვლიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მისი პარტიისთვის რურუას გათავისუფლება - პრინციპის საქმეა.
„ეს არის პრინციპის საკითხი, რომ არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვარ, უგულავა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ რურუა“, - განაცხადა ბოკერიამ.
ამავე აზრის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
„ვიცით ჩვენ მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი-შეთანხმება უნდა შესრულდეს. ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არც ერთი პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ.
მმართველ პარტიაში კი დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილია „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არ სურს სტაბილურობა.
„არ ვიცი, გიორგი რურუას რიტორიკა რატომ აქვს შეცვლილი, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ითვალისწინებს იმას, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღება უნდა მოხდეს. ეს არ არის მათი ინტერესი, ეს არის სტაბილურობისთვის მოწოდება ყველა პარტიის მიმართ, რომ ქვეყანა დემოკრატიული კალაპოტიდან ამოვარდნის წინაპირობა არ შექმნას“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ვინ არის გიორგი რურუა
გიორგი რურუა - საქართველოს ყოფილი კულტურის მინისტრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას ძმა და არაერთი ოპოზიციონერის ახლო მეგობარია.
მის შესახებ ფართო მასებისთვის თითქმის არაფერი იყო ცნობილი 2019 წლის შემოდგომამდე, ვიდრე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გახსნილი ოპოზიციური „მთავარი არხის“ წილი არ შეიძინა. როგორც მაშინ სამთავრობო მედია წერდა, ეს გარიგება პირდაპირ უთითებდა, რომ არხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას გაატარებდა.
ნოემბერში რურუა დააკავეს. შსს-ს მონაცემებით, მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს, ვინაიდან მას აქვს ოფიციალურად გაფორმებული არაერთი იარაღი და არარეგისტრირებული იარაღი არაფერში სჭირდებოდა.
ამას მოჰყვა ხანგრძლივი სკანდალი წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას მისი დნმ-ის აღებასთან დაკავშირებით.
ამჟამად რურუას საქმეს ჯერ კიდევ იხილავს სასამართლო და მიუხედავად მრავალი შუამდგომლობისა, არ ათავისუფლებს მას, რადგან, ბრალდების აზრით, რურუა შეიძლება ქვეყნიდან გაემგზავროს ან მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს. მმართველი პარტია რურუას პოლიტიკური სარჩულით დაკავებაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ არ ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და გამოძიების მსვლელობაში.