თბილისში 18 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ - ვიდეო

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა, იუწყება თბილისის მერია.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ირაკლი თავართქილაძე, ნაძალადევისა და გლდანის რაიონების გამგებლები - ირაკლი ხელაძე და ბექა მიქაუტაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„2017 წელს, ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შევქმნიდით სპეციალურ პროგრამას და პროექტის სახით განვახორციელებდით ამ ფართების დაკანონებას. სწორედ ამ პროექტის თანახმად გადაეცათ დღეს ამ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.