სოფო კილაძემ კრიტიკას და ბრალდებებს უპასუხა

არასამთვრობო სექტორს მიაჩნია, რომ სოფო კილაძეს ბავშვთა უფლებების სფეროში არასაკმარისი კომპეტენცია გააჩნია იმისათვის, რომ გაერო-ს კომიტეტის წევრი გახდეს
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კატეგორიულად არ ეთანხმება კრიტიკას, რომელიც მისი მისამართით არასამთავრობო სექტორის მხრიდან ისმის.

გაეროში საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან მაღალი შეფასება მისცეს >>

„ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვაფასებთ“, - განაცხადა მან ბრიფინგზე 53 არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებზე საპასუხოდ.

53 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ბავშვთა უფლების კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები და სოფიო კილაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე აცხადებს პრეტენზიას, გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და მიუხედავად იმისა, რომ ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ავტორია, მას არ აქვს ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებათა სფეროში.

„კანდიდატი, რომელიც დასახელდა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ აკმაყოფილებს ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს, როგორიცაა მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ სოფიო კილაძე არის ერთ-ერთი ავტორი ორი საკანონმდებლო ინიციატივის, ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სოციალური მუშაობის შესახებ კანონის, მას არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო სექტორს პრეტენზიები გააჩნია არამარტო კილაძისადმი, არამედ ხელისუფლებისადმი, რადგან მისი კანდიდატურა ღია კონსულტაციების გარეშე წარადგინეს.

საქართველოში 29,8 ათასი ბავშვი კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშაა

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ეფუძნება ტყუილებსა და „ფეიკ ნიუსებს“.

კილაძე ამტკიცებს, რომ მისი კანდიდატურის შერჩევისას არცერთი პროცედურა არ დარღვეულა. გარდა ამისა, ის ავტორია ბავშვის უფლებათა კოდექსის და კანონის სოციალური მუშაობის შესახებ.

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავისი წერილი გაეროში უკვე გაგზავნეს.

მე-18 სესიაზე უნდა შეირჩეს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის 9 ახალი წევრი, მათ ნაცვლად, ვისი უფლებამოსილების ვადა 2021 წლის თებერვალში იწურება. მოსალოდნელია, რომ ახალ წევრებს სექტემბერში აირჩევენ. თუ კომისია სოფიო კილაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის რამდენიმე წლის განმავლობაში კომიტეტში საქართველოს პირველი წარმომადგენელი იქნება.

ბავშვთა უფლებების კომიტეტში 18 დამოუკიდებელი ექსპერტი შედის - მაღალი მორალური თვისებების და ადამიანთა უფლებების სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირები.

ამჟამად კომიტეტის შემადგენლობაში 10 ქალი და 8 მამაკაცი შედის.