საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში გაერო დაეხმარება

სახელმწიფო ჰოლდინგის მთავარი ამოცანაა - სამედიცინო დაწესებულებების მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა სამშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად გაერო დაეხმარება საქართველოს „სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის“ სტრატეგიის შემუშავებაში, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი 2020 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა - სამედიცინო დაწესებულებების მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. დღეისათვის ჰოლდინგში ხუთი კლინიკა შედის.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ რა ხარვეზებს არ აკონკრეტებს მინისტრი ტიკარაძე

„სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ 5 საავადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის“, - განაცხადა ვინტონმა.

მისი თქმით, ახალი სტრატეგია დაეხმარება საქართველოს წარმატებით გაუმკლავდეს კორონავირუსის მეორე ტალღასაც.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში დაავადების 911 შემთხევა გამოვლინდა. 768 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 - გარდაიცვალა.