„ოლიმპიურ ვარსკვლავს" კომპანია m2 დაასრულებს: ვინ მიიღებს პირველ რიგში ბინებს

გასულ წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ „ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულ მეპაიეებს პირობა მისცა, რომ მშენებლობა გაგრძელდებოდა და ისინი თავის ბინებს მიიღებდნენ. აღნიშნულ კომპლექსში ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობას, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო, კომპანია m2 დაასრულებს.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ საქმე: მოტყუებული მეპაიეები სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამშენებლო კომპანიასა და მერიას შორის მშენებლობის დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

„როდესაც ჩვენ დაუმთავრებელ მშენებლობებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში დაზარალებულ ოჯახებზე ვფიქრობთ. დღეს ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს – კომპანია m2 ამ პროექტით დაინტერესდა და მას ბოლომდე მიიყვანს", – განაცხადა კალაძემ.

კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი" 2006 წელს დაარსდა. 2012 წელს კომპანია 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელ ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.

მრავალი წლის განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობის გამო წუხდებიან მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლები – მათი თქმით, სამშენებლო მოედანზე გაჩნდა ნაგავსაყრელი და ის დანაშაულის ბუდედ იქცა.

გასულ წელს კახა კალაძემ „ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულ მეპაიეებს პირობა მისცა, რომ მშენებლობა გაგრძელდებოდა და ისინი თავის ბინებს მიიღებდნენ.