თუ ბაკურიანში დასვენებას გეგმავთ: რა წესებს უნდა დაემორჩილოთ სასტუმროში

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა. კურორტები სტუმრების მისაღებად მზად არიან. სასტუმროებმა სახელმწიფოსგან მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი შეძლებენ დამსვენებლების მიღებას და მუშაობის განახლებას.
Sputnik

რა მოეთხოვება სასტუმროს პერსონალს, დამსვენებელს, როგორ ემზადებიან ტურისტული სეზონისთვის ბაკურიანში, ამის შესახებ სასტუმრო „ბაკურიანის სახლის“ მენეჯერი ნინო ბიწაძე გვესაუბრა.

თუ ბაკურიანში დასვენებას გეგმავთ: რა წესებს უნდა დაემორჩილოთ სასტუმროში

- ეტაპობრივად იხსნება შეზღუდვები. რა რეკომენდაციები და მითითებები გაქვთ სახელმწიფოს მხრიდან, როგორ ემზადებით დამსვენებლების მისაღებად?

- აქტიურად ვემზადებით დამსვენებლების მისაღებად. მთავარი მოთხოვნაა – როგორც პერსონალს, ისე ვიზიტორებს სასტუმროში შესვლისას ჩაუტარდეთ თერმოსკრინინგი. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში ეს უნდა ეცნობოს „112“-ის ცხელ ხაზზე.

სასტუმროში COVID-19-თან დაკავშირებული პროფილაქტიკური ზომების შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული.

დღის განმავლობაში სასტუმროს ყველა სივრცე უნდა დასუფთავდეს სათანადოდ. ჩაუტარდეს დეზინფექცია დღეში სულ მცირე სამჯერ, ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ეხებიან, ყოველ ორ საათში ერთხელ უნდა დასუფთავდეს. ხალხის თავშეყრის ადგილებში აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ასევე ერთჯერადი ხელსახოცები და პირბადეები უნდა მოთავსდეს დახურულ სანაგვე კონტეინერებში. შიდა სივრცეებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი ვენტილაცია.

ვიზიტორები და სასტუმროს პერსონალი სასტუმროში უნდა შევიდნენ დეზობარიერის გავლით, საერთო სივრცეებში უნდა იყოს განთავსებული დისპენსერები სადეზინფექციო საშუალებით.

ერთ მაგიდასთან უნდა განთავსდეს მაქსიმუმ 6 ადამიანი დისტანციის დაცვით, თუ საუბარი არ არის ერთი ოჯახის წევრებზე.

და, რაც მთავარია, სასტუმრო ვალდებულია გამოყოფილი ჰქონდეს გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ თუ სტუმარს სიცხე დაუფიქსირდება, გადაიყვანოს იზოლაციაში, აცნობოს სასწრაფო გადაუდებელ ცენტრს, ასევე ადგილობრივ ჯანდაცვას, რომ მოხდეს ამ პაციენტის იდენტიფიცირება.

თუ ბაკურიანში დასვენებას გეგმავთ: რა წესებს უნდა დაემორჩილოთ სასტუმროში

- უკვე ჩატარდა მონიტორინგი თქვენს სასტუმროში?

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა ონლაინ ტრენინგი, სადაც მივიღეთ მონაწილეობა. სასტუმროს მენეჯერს და მეპატრონეებს მოგვცეს რეკომენდაციები, მითითებები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასტუმროს მიეცემა მუშაობის გაგრძელების უფლება. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩვენს სასტუმროში ზაფხულის სეზონისთვის მზადება დასრულებულია. მოხდა სასტუმროს კვების ობიექტის რეორგანიზაცია, კერძოდ, სამზარეულოს ინვენტარის ძირფესვიანად შეცვლა, სასადილო ფართის მოწყობა რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად. უახლოეს დღეებში გავაკეთებთ განაცხადს და შესაბამისი კომისია შეამოწმებს სასტუმროს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად უსაფრთხოა დღეს ბაკურიანში დასვენება?

- ბაკურიანში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა, ვინაიდან აქ COVID-19-ის არც ერთი ფაქტი არაა გამოვლენილი, სწორედ ამის გამო ბორჯომი-ბაკურიანი გამოცხადდა მწვანე ზონად.

თუ ბაკურიანში დასვენებას გეგმავთ: რა წესებს უნდა დაემორჩილოთ სასტუმროში

- რა გეგმები გაქვთ ზაფხულის სეზონისთვის, როგორ გეგმავთ დამსვენებლების მოზიდვას? ალბათ ეს არ იქნება მარტივი...

- რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი. იმის მიუხედავად, რომ შეზღუდვები დიდია, კერძოდ, იკრძალება ბარის მუშაობა, საბავშო ოთახის ფუნქციონირება და გასართობი ღონისძიებები, ვცდილობთ დამსვენებლებს შევუქმნათ იდიალური გარემო დასვენებისთვის – კომფორტი, თბილი გარემო. შევთავაზოთ ჯანსაღი კვება, იდიალური სისუფთავე და სუფთა ჰაერი.

- რა აუცილებელი უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან ადამიანებმა კურორტზე დასვენების დროს, რა მოეთხოვება თქვენთან შემოსულ დამსვენებელს?

- დამსვენებელს მოეთხოვება კანონით არსებული უსაფრთხოების წესების დაცვა, კერძოდ: ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, ხელის დაბანის წესების დაცვა, რომლის ინსტრუქციები შესაბამის ადგილზეა განთავსებული.

თუ ბაკურიანში დასვენებას გეგმავთ: რა წესებს უნდა დაემორჩილოთ სასტუმროში

- რეგულაციის მიხედვით, რა მოთხოვნები აქვს პერსონალს?

- პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ფარებით, ერთჯერადი ხელთათმანებით, ბახილებით, ქუდებით.

პერსონალმა უნდა აირიდოს მჭიდრო კონტაქტი სტუმრებთან. პერსონალმა დალაგების დროს უნდა გამოიყენოს ხელთათმანები და ხელთათმანების გამოყენების შემდეგ დაიბანოს ხელები და დაიმუშაოს სპეციალური ხსნარით.

სტუმრებსა და მასპინძლებს შორის მიღება-გასვლის დროს პირადი კონტაქტი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. სტუმრის გასვლის შემდეგ ოთახების დალაგება უნდა განხორციელდეს გარკვეული პრინციპით: დეზინფექცია, ოთხსაათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება.

- როგორ ფიქრობთ, მიმდინარე მოვლენები ფასებზეც აისახება?

- ქვეყანაში არსებული მიმდინარე მოვლენები ჩვენი სასტუმროს ფასებზე ნამდვილად არ აისახება, გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით ფასები უცვლელია. პირიქით, ჩვენს ერთგულ დამსვენებლებს ვთავაზობთ ფასდაკლებებს, რის შესახებაც ინფორმაციას ჩვენი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით პერიოდულად ვაქვეყნებთ.

- რა მოლოდინი გაქვთ ამ სეზონზე?

- ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რომ წარმატებული სეზონი იყოს. ველოდებით ჩვენს ერთგულ დამსვენებლებს, რომელთა რიცხვი არც ისე ცოტაა. ასევე მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, წელს საქართველოს კურორტებს მიანიჭონ უპირატესობა და საკუთარ ქვეყანაში დაისვენონ.