მსოფლიო დღეს

მამის თავგანწირვა: კაცმა შიშველი ხელებით მოიგერია მტაცებელი და შვილი სიკვდილს გადაარჩინა

გამწარებულმა მამამ ისეთი ძალით ჩაარტყა შიშველი ხელი მტაცებელს დინგში, რომ მან მაშინვე პირი უშვა 16 წლის ბიჭს.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. მძვინვარე ზვიგენი მამის თვალწინ დაესხა თავს მოზარდს, მაგრამ მამამ ზღვის მტაცებლის შიშველი ხელებით მოგერიება შეძლო და შვილი სიკვდილს გადაარჩინა, იუწყება მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ), ჰატერასის კონცხზე მოხდა, სადაც ტიმ არტური ოჯახთან ერთად ისვენებდა.

​​ირკვევა, რომ 16 წლის ნიკმა ნაპირიდან დაახლოებით რვა მეტრის სიღრმეზე შეცურა და მოულოდნელად ყვირილი დაიწყო. მამამ იფიქრა, რომ ბიჭმა რაღაც სასიხარულო შენიშნა და ამიტომ ყვიროდა, მაგრამ მისკენ გაიხედა და დაინახა, რომ შვილს ზვიგენი ჩაფრენოდა ფეხში. ნიკი ზვიგენს ურტყამდა და დასხლტომას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

გამძვინვარებული მამის „მცირე ომი“ სპეცრაზმთან შვილის სიცოცხლის გადასარჩენად

გამწარებული მამა წყალში შევარდა და შვილისკენ გაცურა. მან ისეთი ძალით ჩაარტყა ზვიგენს დინგში, რომ მტაცებელმა ნიკის მარცხენა ფეხს კბილები გაუშვა, თუმცა მაინც მოასწრო ხელზე ეკბინა.

საბედნიეროდ, ბიჭი არ დაიბნა და სასწრაფოდ ნაპირისკენ გაცურა. მას მამაც უკან მიჰყვა და ორივემ მშვიდობიანად გამოაღწიეს ნაპირზე.   

ნიკი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას მარცხენა ბარძაყზე 40 ჭრილობა დაუთვალეს და 17 ნაკერი დაადეს.

ამ დროისათვის ბიჭი თავს კარგად გრძნობს, მამა კი ამბობს, რომ სხვა დროს ოკეანეში ცურვისას მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ.