ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

19 წლის ფეხბურთელს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ. ახალგაზრდა აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიკარგა. შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ნაპირზე გაქრა, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. სულ საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატარღა, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟი აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიკარგა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის 18-19 ივნისის ღამით მოხდა. გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ნაპირზე გაქრა, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

მცხეთის პოლიციაში იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი. როგორც ხეჩიკაშვილი აცხადებდა, იმედი ჰქონდათ, რომ გიორგი შაქარაშვილი შეშინებული იყო და თავს სადმე აფარებდა. ანალოგიურ ვერსიაზე საუბრობდა დაკარგული ფეხბურთელის ბიძაც.