პრემიერი: ორმაგი პასუხისმგებლობა გვმართებს, ინფიცირების ტემპები უნდა შევინარჩუნოთ

მაღალი მობილობის პირობებში მოქალაქეები ვალდებული არიან, ორმაგი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისთვის დადგენილი რეკომენდაციები.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. მაღალი მობილობა ქვეყანაში ორმაგ პასუხისმგებლობას გვავალდებულებს – ამისკენ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

COVID-19 ბოლო 24 საათში: ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში და საქართველოს ადგილი>>

პრემიერის განცხადებით, ასე თუ ისე, ხერხდება ინფიცირების პირველწყაროზე გასვლა, მაგრამ მოქალაქეებმა არ უნდა დაივიწყონ პასუხისმგებლობის შესახებ.

„მობილობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, მოქალაქეებსაც და, ალბათ, კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად ციფრები, რაც დღეს ვნახე, იზრდება, უკვე ცხრა მილიონზე მეტია“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველანაირად შევინარჩუნოთ კორონავირუსის გავრცელების ის ტემპები, რაც ქვეყანაში ამ დროისთვის არის.

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

„რეალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს. ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში იზრდება და ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს, შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – აღნიშნა გახარიამ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 908-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 761 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.