როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

ერთი წლის განმავლობაში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე სურსათზე.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2020 წლის მაისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 11,6%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 13,1%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 29,7%-ით.

როგორ გაიაფდა ბინები და მანქანები და გაძვირდა სურსათი - ღირებულებათა გადაფასება თუ...>>

მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,4%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები მაისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, 6,3%-ით გაიზარდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი კვლავ ეცემა

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში – 11,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,9%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 8,4%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, 19,9%-ით გაიზარდა.

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 50,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 16,8%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 23,4%-ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე – 20,4%-ით.

საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 5,4%-ით გაიზარდა. ამავდროულად გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 4,8%-ით, მათ შორის კვების პროდუქტები – 13,6%-ით.

ეროვნული ბანკის პროგნოზი: როდის შეწყდება საქართველოში ფასების მატება

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ მაისში შეადგინა 6,5%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. საკვებზე ფასები ერთ წელიწადში გაიზარდა 14,7%-ით. ექსპერტები ფასების ზრდას ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა გაანეიტრალოს. შედეგად – რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, განაკვეთი 9%-დან 8,5%-მდე შეამცირა. როგორც ბანკის განმარტებაშია აღნიშნული, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის.