ბულინგი ინტერნეტში, ანუ რა შესაძლო საფრთხის წინაშე დგას თქვენი შვილი

როგორ ვიზრუნოთ და დავიცვათ ბავშვები კიბერბულინგისგან – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.
Sputnik
ბულინგი ინტერნეტში, ანუ რა შესაძლო საფრთხის წინაშე დგას თქვენი შვილი

პანდემიამ სრულიად შეცვალა როგორც ჩვენი, ასევე მოზარდების ცხოვრება. დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, თუ ბავშვები პანდემიამდე შედარებით ნაკლებ დროს ატარებდნენ ინტერნეტთან, დადიოდნენ სკოლაში, ჩართული იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებში, თვითზოლაციის პერიოდმა ბავშვები თითქმის მიაჯაჭვა ინტერნეტ-სივრცეს. სწავლების დისტანციური პროცესიდან დაწყებული, თანატოლებთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი წყარო სწორედ ტელეფონი და კომპიუტერი გახდა.

ბავშვების მიერ ინტერნეტის და გაჯეტების ხშირი გამოყენების პრობლემა აქამდეც აქტუალურად იდგა მშობლების წინაშე, ხოლო შექმნილმა ვითარებამ უფრო მეტად გაზარდა ინტერესი და კითხვებიც.

განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ინტერნეტის და ტელეფონის გამოყენება თითქმის მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ვინაიდან ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს ცოცხალი ურთიერთობები თანატოლებთან და ახლობლებთან. მოგეხსენებათ, ტელეფონის გამოყენება გაჩუმების ან კვების მიზნით, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ მშობლები, მეტად საზიანოა ბავშვის განვითარებისთვის.

თუ გააგრძელებთ დაბინძურებული პირბადეების გამოყენებას...

მაგრამ უკვე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელიც კი ხდება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ინფორმაციის მოძიების, საგანანმანათლებლო თამაშების თუ სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტის მოხმარებამ არ მიიღოს გარკვეული დამოკიდებულებითი ხასიათი და სრულად არ მოიცვას მოზარდის ცხოვრება.

პანდემიის პირობებში, ზემოთ აღიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა ნორმადაც ჩაითვალოს ბავშვების მხრიდან მომატებული ინტერესი ტექნიკისადმი. აქ პრობლემა ინტერნეტის მოხმარების სიხშირეზე მეტად მდგომარეობს იმაში, თუ რა სახის ინფორმაციას უსმენს და უყურებს ბავშვი. მნიშვნელოვანია მშობლის აქტიური ჩართულობა ამ კუთხით და ბავშვისთვის გარკვეული საკითხების ახსნა – რასაც უყურებს ან თამაშობს მისი შვილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა მშობლების მხრიდან ის რისკ-ფაქტორები, რაც თან ახლავს ინტერნეტის გამოყენებას, რომელიც ცნობილია კიბერბულინგის სახელით. კიბერბულინგი – ეს არის ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა. ტრადიციული ბულინგის მსგავსად, ასე ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით ძალადობის, აგრესიის და ჩაგვრის გავრცელება ხდება. თუ მოზარდები პანდემიის დროს მეტად მოიხმარენ ინტერნეტ-სივრცეს, არსებობს გარკვეული რისკები იმისა, რომ შესაძლოა მოზარდი გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მოზარდის ფსიქოლოგურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ აუცილებელია მშობლების მეტი ყურადღება ამ კუთით, რათა ინტერნეტ აქტივობით ჩვენი შვილი არ გახდეს გარკვეული ძალადობის მსხვერპლი.

სუპერმარკეტი თუ აგრარული ბაზარი: სად უფრო უსაფრთხოა ვაჭრობა

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით გვერდებს თუ მომხმარებლებს, რომლებიც სხვების ფოტო-ვიდეოს ან პირად მიმოწერას ასაჯაროებენ. ამას მოჰყვება ამ ადამიანების დაცინვა და შეურაცხყოფა. ხშირ შემთხვევაში პირადი მიმოწერის ან კადრების გარეშე პირის ხელში მოხვედრა შანტაჟის, მუქარის, დაშინების საფუძველი ხდება.

ხშირად კიბერბულინგის მსხვერპლი დაუდევრობის ან ნაკლების სიფრთხილის გამო ვხდებით, ხშირად კი ამას სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული ჩვენი პერსონალური ინფორმაცია იწვევს.

მშობლების მხრიდან საყურადღებო ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდნენ კიბერბულინგის არსებობაზე:

- თუ ვხედავთ, რომ მოზარდს ეცვლება ხასიათი ინტერნეტის მოხმარების შედეგად;

- ხდება უფრო სევდიანი, იმატებს აგრესიულობა, ადვილად ღიზიანდება;

- თავს არიდიებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას;

- შფოთავს, როცა ვინმე ურეკავს ან იღებს ტექსტურ შეტყობინებას;

- ძილის რეჟიმი შეცვლილი და დარღვეული აქვს;

- უარს ამბობს ისეთ საქმიანობაზე, რომელიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა და ა.შ.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ლექციები - პანდემიის დროს სწავლა უფასოა

თვითიზოლაციის დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ბავშვებთან ერთად დღის რეჟიმის დაგეგმვა, რათა შევამციროთ გაჯეტების გამოყენების სიხშირე და ბავშვების ცხოვრება გავხადოთ მეტად მრავალფეროვანი. შესაძლოა ყოველთვის ვერ მოხერხდეს ზუსტად დაგეგმილი დღის წესრიგის შესრულება. ეს არ უნდა გახდეს მოზარდებისთვის რუტინულად შესასრულებელი და მოსაბეზრებელი, რათა პირიქით არ გამოვიწვიოთ პროტესტი ბავშვებში და  შეუსრულებლობის შემთხვევაში არ გახდეს ბავშვებისთვის შფოთვისა და აგრესიის წყარო.

ციფრული ტექნოლოგიების ზომიერი გამოყენება მოზარდებში, განსაკუთრებით თვითიზოლაციის პირობებში, მეტად მნიშვნელოვანია სტრესის დაძლევის კუთხით. მთავარია მშობლების მეტი ყურადღება და ჩართულობა, თუ რა შინაარსის თამაშებს ან ინფორმაციას ისმენენ ბავშვები. აუცილებელია მშობლების და ბავშვების ინფორმირება კიბერბულინგის შესაძლო ფაქტებზე, რათა მოხდეს თავიდან აცილება იმ რისკების, რაც ახლავს ინტერნეტის მოხმარებას.

დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მოზარდების ჯანსაღ ადაპტაციას.