თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან, გასული წლის დეკემბრიდან დღემდე მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8 929 394 ადამიანი შეადგინა, აქედან სულ გარდაცვლილია 467 676 კაცი, გამოჯანმრთელდა 4 419 735.
შესაბამისად, ამ დროისათვის მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 4 041 983 ადამიანია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ინფიცირების 183 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით დაავადებულების რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც 2 279 879 ადამიანს დაუდგინდა ინფიცირება. მეორე პოზიციაზეა ბრაზილია (1 083 341), ხოლო მესამეზე – რუსეთი (583 879).
ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 100 ათასს გადასცდა, ამ დროისათვის 18-ია. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.
იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კორონავირუსული ინფექციით დაავადება ათას კაცზე ნაკლებს გამოუვლინდა, დღეისათვის 67-ია. მათ შორის ბოლო პოზიციაზეა ლესოტო (სამხრეთ აფრიკა) — 4 დადგენილი შემთხვევით, ხოლო პირველზე კვიპროსი — 986 შემთხვევით.
საქართველო ასევე შედის ამ ბოლო კატეგორიის ქვეყნების ჩამონათვალში 906 გამოვლენილი შემთხვევით, რომელთაგან გარდაცვლილია 14 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული — 755.
შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა დღეისათვის 137 ადამიანია.