ციხისძირი, ერთ-ერთი ზრაპრული ადგილი საქართველოში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს

ვისაც მოგზაურობით მღებული სიამოვნება განუცდია, იცის, რომ ეს ის გრძნობაა, რომელიც იშვიათად შეიძლება რამემ ჩაანაცვლოს. მითუმეტეს, თუ შენს ქვეყანაში მოგზაურობ, ამ ყველაფერს სიამაყის გრძნობაც ახლავს თან, საქართველო ხომ განსაკუთრებული მრავალფეროვანი სილამაზით გამოირჩევა.
Sputnik

ამიტომ დაიწყე მოგზაურობა შენი ქვეყნის შეცნობით.

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის სანაპიროზე ულამაზესი კურორტი, ციხისძირია გაშენებული. სწორედ ამ საოცარ ადგილს ვესტუმრებით დღეს.

ციხისძირი, ერთ-ერთი ზრაპრული ადგილი საქართველოში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს

თუ ქალაქის ხმაურს, ხალხმრავლებას გინდა გაექცე, დატკბე ზღვის ტალღების სასიამოვნო ხმით, ულამაზესი ხედებით, მაშინ ამ საოცარ ადგილს უნდა ესტუმროთ. ციხისძირი უნიკალური ხედებით და სუბტროპიკული ზონით გამოირჩევა. აქ ზღვისა და მთის ჰავა ერწყმის ერთმანეთს და ზაფხულობით უფრო გრილა, ვიდრე ბათუმსა და ქობულეთში, ზამთარი კი შედარებით თბილია.

ციხისძირი გამწვანებული სანაპიროებითა და  ზღვის საოცარი ხედებით გამოირჩევა. გამწვანელული ბუნების და თვალწარმტაცი სანაპიროების  გარდა, სოფელი კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც გამორჩეული და მნიშვნლოვანი ადგილია. ეს ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული და აქ ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქი პეტრა იყო გაშენებული. ციხისძირის მთავარი სანახაობა სწორედ პეტრას ციხეა, რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.

აქ, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაც პეტრა ეწოდებოდა. მისივე ბრძანებით პეტრას ციზე  იოანე სტრატეგოსმა ააშენა 535 წელს. „პეტრა“  ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ქართული სახელწოდება კი „ქაჯეთის ციხეა“. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.

ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა, რაც დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენდა ქალაქს.

პეტრას ციხე დღემდე იპყრობს მნახველთა ყურადღებას და დიდ აღფრთოვანებას იწვევს მათში. ციხეს წლის განმავლობაში უამრავ ტურისტი სტუმრობს.

ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე საფეხმავლო ბილიკებით შეძლებთ გასეირნებას და ულამაზესი ხედებით ტკბობას.  გზად არაერთი საუცხოო ადგილი შეგხვდებათ, სადაც საოცარი ფოტოების გადაღებას შეძლებთ.

ციხისძირი, ერთ-ერთი ზრაპრული ადგილი საქართველოში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს

ციხისძირის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში, განლაგებულია დასასვენებელი სახლები, რესტორნები და კაფე-ბარები. პლიაჟები კეთილმოწყობილია, ხოლო ზღვაზე ფუნქციონირებს სასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიც.

სოფელში მხოლოდ ორი სასტუმროა „მეგობრობა“ და „კასტელო მარე“.  ორივე სასტუმროდან ულამაზესი ზღვის და ბუნების ხედები იშლება. სასტუმრო მეგობრობის ფასები მაქსიმუმ  70-80 ლარამდე ადის. ხოლო კასტელო მარეში ფასები 140 ლარიდან 360 ლარამდე მერყეობს.

თუ უფრო ბიუჯეტურად გსურთ დასვენება, ადგილობრივები ოთახს 10-20 ლარად აქირავებენ.

ციხისძირი, ერთ-ერთი ზრაპრული ადგილი საქართველოში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს

სოფელში ორი სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, სადაც პროდუქტის, ბოსტნეულის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას შეძლებთ. თუმცა, თუ ამ ყველაფრის შესაძენად ბათუმში, ან ქობულეთში  გამგზავრებას გადაწყვეტთ არც ეს არის პრობლემა. ციხისძირი ბათუმისკენ მიმავალ ცენტრალურ გზასთან მდებარეობს, ამიტომ მარტივად შეძლებთ აქ მოხვედრას, ქალაქებისკენ მიმავალი ნებისმიერი სამარშუტო ტაქსით. ბათუმიდან უკან დაბრუნებისას აუცილებლად გააფრთხილეთ მძღოლი, რომ ციხისძირში მიემგზავრებით, რაგან სამარშუტო ტაქსები ძირითადად მაგისტრალით გადაადგილდებიან.

ციხისძირი, ერთ-ერთი ზრაპრული ადგილი საქართველოში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს

ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ!