„საბურთალოს“ პრეზიდენტი: შეიძლება, გიორგი შაქარაშვილი სადღაც თავს აფარებს

სამძებრო ოპერაცია მესამე დღეა გრძელდება, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელი ცოცხალია და სადღაც იმალება
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოთამაშის, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს.

რა ვითარებაში დაიკარგა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი

ახალგაზრდა ფეხბურთელი მცხეთის ტერიტორიიდან სამი დღის წინ უკვალოდ გაქრა.

მცხეთის პოლიციაში იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი. როგორც ხეჩიკაშვილი აცხადებს, შესაძლებელია, გიორგი შაქარაშვილი თავს სადმე აფარებდეს.

„ყველა ერთად განვიცდით. ვცდილობთ და იმედი გვაქვს, გიორგი გამოჩნდება. პირველი საზრუნავი ახლა ეს არის. მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოვნებს, რომ ყველაფერს აკეთებენ მის მოსაძებნად. გამოძიების დეტალები არ ვიცი. მოვედი, რომ გამეგო ინფორმაცია. ყველას აქვს იმედი, რომ გიორგი გამოჩნდება. არის ასეთი შემთხვევები, რომ ამ ასაკის ადამიანებს კონფლიქტის შემდეგ აქვთ ხოლმე შიში, მორიდება და შეიძლება სადღაც არის, თავს აფარებს. მინდა ვთხოვო, რომ გამოჩნდეს და დაუბრუნდეს ოჯახს. ახლა მთავარი საზრუნავია, რომ გიორგი ვიპოვოთ. იმედი გვაქვს, რომ გიორგი ცოცხალია. არ გამოკვეთილა მიზეზი, რომლითაც შეიძლება, დადგინდეს, რომ რაღაც უბედური შემთხვევა მოხდა“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ანალოგიურ ვერსიაზე საუბრობს დაკარგული ფეხბურთელის ბიძა.

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვი არის შოკში და სადმე შეაფარა თავი“, - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოების გამო ზაჰესის დამბა გაიხსნება

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიკარგა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, 19 ივნისს მოხდა. გიორგი შაქარაშვილის კვალი მდინარე არაგვის ერთ-ერთ ნაპირზე ქრება, სადაც მისი ჩანთა იპოვეს.