კორონავირუსი საქართველოში: ახალი შემთხვევის წყაროები

ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და სიტუაცია კონტროლირებადია, აცხადებს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი - იმპორტირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

COVID-19 საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

„ახალი პაციენტების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. რვა ახალი შემთხვევიდან ორი არის ადრე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ხუთი შემთხვევა დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ, ერთი „ნიუ ჰოსპიტალმა“, ერთი ინფექციურმა და ერთიც – „ნეო ლაბმა“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია და სიტუაცია კონტროლირებადია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა და 906-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 755 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.