რუსთაველის გამზირი აქციის გამო გადაკეტილია

აქცია ეძღვნება გასული წლის 20-21 ივნისის მოვლენებს, როდესაც საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა მთლიანად გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. ორგანიზატორები ემზადებიან საპროტესტო აქციისთვის, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.

ერთი წელი გავიდა: ოპოზიცია 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე შეიკრიბება

აქცია ეძღვნება გასული წლის 20-21 ივნისის მოვლენებს, როდესაც საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები. რამდენიმე ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

აქციის დაწყებამდე ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მომიტინგეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომზადებას გაივლიან.

„რუსთაველის გამზირზე დავაკრავთ სტიკერებს, იქნება ნიშნულები, სადაც აქციის მონაწილეები უნდა დადგნენ, იმისათვის, რომ არ დაირღვეს დისტანცია. აქციაზე შეკრებილებს დავეხმარებით პირბადეებით და ხელთათმანებით“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა და აღნიშნა, რომ აქციაზე წესრიგის და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მობილური ჯგუფები გააკონტროლებენ.

აქციის მონაწილეებს მიეცათ რეკომენდაცია - ეკეთოთ პირბადე და სათვალეები და ლოზუნგების სკანდირებისას არ მოიხსნან პირბადე. აქციის შემდეგ მონაწილეებს ურჩიეს გადავიდნენ თვითიზოლაციაში ან უკიდურეს შემთხვევაში ორი კვირის მანძილზე სხვა ადამიანებთან კონტაქტისას პირბადეები ატარონ.

აქციაზე იქნება სულ 20 გამომსვლელი - როგორც ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები, ისე პოლიტიკური პარტიების ლიდერები.