თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. გასული წლის 20 ივნისის აქციის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რაც უნდა გამხდარიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი, მაგრამ მთავრობამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
გასული წლის 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები. რამდენიმე ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.
„გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან „ქართული ოცნება“ განცხადებაში მიანიშნებს, რომ 20 ივნისს მომხდარი ყველა პროვოკაციული მოვლენის უკან ყოფილი მმართველი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.
„2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო - მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან პარტია აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის მხრიდან არ მომხდარა ძალის გადამეტება, რომლის შესახებაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად საუბრობენ ოპოზიციაში.
პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ პოლიცია უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, ხოლო ორასზე მეტი ადამიანის დაშავებაზე პასუხისმგებლობა „დანაშაულებრივი ავანტურის ორგანიზატორებს ეკისრებათ“.
„სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა; დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ“, - ხაზგასმულია განცხადებაში.
ზურაბიშვილი ელოდება, როდის დატოვებს ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს >>
მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი ჩააბარეს.
„ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შტურმის მონაწილეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაადასტურა სასამართლომ და შტურმში მონაწილე აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული“, - ნათქვამია განცხადებაში.