თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობამ პერსონალური დაცვის საშუალებები უსასყიდლოდ გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პოლონეთისგან სახის დამცავი 4800 ფარი, 5400 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 2 ათასი რესპირატორი მიიღო. დამცავი აღჭურვილობა საქართველოში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის არის განკუთვნილი.
უწყების ცნობით, პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელმაც სპეციალური რეისი შეასრულა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი პირები და პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დახვდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოლონურ მხარესთან სამოქალაქო დაცვის მიმართულებით მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს.