რას ისახავს მიზნად საქართველოში ფრანგული ენის სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრის დაფუძნება

განათლების მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების, კულტურული და სპორტული პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოში დაგეგმილია ფრანგული ენის სასერტიფიკატო გამოცდების ცენტრის დაფუძნება, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. ჩხენკელმა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიო მასშტაბით განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები განიხილეს.

ქართველი სტუდენტები ევროპის უმაღლესებში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული პროექტის – „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ შესახებაც ისაუბრეს. დიეგო კოლასის თქმით, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შესაბამისი ფონდები დაარსდება.

მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება შესთავაზა. ასევე ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების, კულტურული და სპორტული პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

ელჩმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ფრანგული დაწესებულებები – კავკასიის ფრანგული სკოლა და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში სამინისტროს მითითებებს ჯანმრთელობისა და საგანმანათლებლო საკითხების შესახებ ზედმიწევნით ასრულებენ.

შეხვედრას ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი დავიდ ტერტრი ესწრებოდნენ.