რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან: მონაცემები

90 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომელიც კონტრაქტით იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, უკვე ერიცხება კომპენსაცია
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik.  300-ლარიანი ფულადი კომპენსაციის მიღების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე,  19 ივნისის მონაცემებით, რეგისტრაცია 144 674-მა ადამიანმა გაიარა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში. 

გახარია: ფულადი კომპენსაცია უკვე 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

ერთჯერადი დახმარება ჩაერიცხა 84 564 თვითდასაქმებულს, რომლებმაც წარმოადგინეს ცნობა, რომ კორონავირუსის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. საერთო ჯამში სახელმწიფომ ჩარიცხა 25,3 მლნ ლარზე მეტი.

ამ დროისთვის ფულადი დახმარება უკვე მიიღო 90 775-მა კონტრაქტით დასაქმებულმა ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა და კორონავირუსის პანდემიის დროს სამსახურდაკარგულმა ადამიანმა. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. გადარიცხულმა თანხამ 18,1 მლნ ლარი შეადგინა. თანხა ეტაპობრივად ირიცხება.

იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში  შემოსავლის წყარო დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებული და 2020 წლის აპრილიდან შემოსავლის გარეშე დარჩნენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

თვითდასაქმებულთა ჯგუფში შედიან: კერძო მეწარმეები, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკური პირები, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები; ინდივიდუალური მეწარმეები. ჩამოთვლილ პირებს კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ სჭირდებათ. 

იზრდება იმ თვითდასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს

განაცხადში აუცილებელია სახელის, გვარისა და პირადი ნომრის, ასევე საკონტაქტო მონაცემებისა და საბანკო რეკვიზიტების მითითება. მოქალაქეები, რომლებიც ამ ჯგუფებში შედიან, კომპენსაციის შესახებ შეტყობინებას მიიღებენ ვებგვერდის პირად გვერდზე.

მათ, ვინც შემოსავლების სამსახურის ბაზაში არ არიან რეგისტრირებული, აუცილებლად უნდა წარადგინონ, მაგალითად, ამონაწერი ბანკიდან, ცნობა, ნებართვა ან ლიცენზია, გაცემული ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ან იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შემოსავალს ან ეკონომიკურ საქმიანობას ადასტურებს, ასევე სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის ნომერი.  

ისინი, ვინც დარეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში, კომპენსაციას მიიღებენ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შემოწმდება.

დაურეგისტრირებელ პირებს კი მოუწევთ ლოდინი, ვიდრე დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად არ შეამოწმებს ყველა მონაცემს და ორი კვირის შემდეგ უწყებათაშორის კომისიას შესაბამის დასკვნას არ წარუდგენს.

მხოლოდ კომისიის თანხმობის შემდეგ მიიღებენ ეს ადამიანები თანხას 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

პირებს, რომელთაც არ აქვთ რეგისტრაციის და განაცხადის ელექტრონულად შევსების შესაძლებლობა, შეუძლიათ დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის–ცენტრებს მიმართონ, სადაც მათ ცენტრების თანამშრომლები დაეხმარებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505 - ან უწყების ვებგვერდზე.