კორონავირუსი კრძალავს: რა მოთხოვნები წამოაყენა სიძე–პატარძალმა და მაყრიონმა კანცელარიასთან

ივენთ–ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვების პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართეს
Sputnik

 

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik.  თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, უჩვეულო საპროტესტო აქცია გაიმართა, მისი მონაწილეები – ფოტოგრაფები, ვიდეოოპერატორები, მუსიკოსები და დიზაინერები მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის გაუქმებას მოითხოვდნენ. 

დაგვიბრუნეთ ქორწილები: თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა - ფოტო

„Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტის ცნობით, აქციის დაახლოებით ასი მონაწილე ქორწილის, კორპორატიული ღონისძიებების, იუბილეებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების გამართვის ნებართვას მოითხოვდნენ.

მარტის შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესახებ განაცხადა, საქართველოში მასობრივი ღონისძიებები – ქორწილი, კორპორატიული ღონისძიებები, ნათლობა, ქელეხი და.ა.შ. აიკრძალა. ახლა შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა, როდის იქნება შესაძლებელი დიდ ღოისძიებებზე შეკრება, ჯერჯერობით უცნობია. ყოველივე აქედან გამომდინარე, ივენთ–ინდუსტრიის წარმომადგენლები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.

 „ამ შეზღუდვების გამო ჩვენ შემოსავლის წყაროს გარეშე დავრჩით. ამასთან, ღონისძიების ორგანიზებისთვის ყოველთვის საჭიროა დრო, რამდენადაც ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი თუ როდის დაუშვებენ „ივენთებს“, სამომავლოდ ღონისძიებების დაგეგმვაც არ შეგვიძლია“, – განაცხადა სააგენტოსთან საპროტესტო აქციის ინიციატორმა ციცი ჩხეიძემ. 

პლუს ერთი: სად გამოვლინდა ინფიცირების ახალი შემთხვევა

შემოქმედებით ადამიანებს პროტესტიც შემოქმედებითი ჰქონდათ – აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციის წინ ქორწილის სცენა გაითამაშეს. აქ ყველა და ყველაფერი იყო: სიძე–პატარძალი, მუსიკოსები, მაყრიონი, საქორწილო ფოტოზონა.

ანალოგიური საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც. აქციის მონაწილეების სიტყვებით, ივენთ–ინდუსტრიაში რეგიონის მასშტაბით დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანია დასაქმებული – ეს არიან არა მარტო ფოტოგრაფები, ვიდეოოპერატორები და მუსიკოსები, არამედ მზარეულები, წამყვანები, ოფიციანტები. დღეისთვის ისინი სამსახურის გარეშე არიან დარჩენილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 896 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 741, გარდაიცვალა 14. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 891, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 256 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.