თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი მანიფესტაციის გამო 20 ივნისს ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამოქალაქო ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სირცხვილია“ მერიას საპროტესტო აქციის გამართვის და რუსთველის გამზირის გადაკეტვის თხოვნით 10 ივნისს მიმართა, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა.
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ ანტისამთავრობო გამოსვლების წლისთავს ეძღვნება, რომელშიც ოპოზიციის ლიდერებიც მონაწილეობდნენ. მანიფესტანტები პარლამენტში შესვლას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამით თბილისში 240 ადამიანი დაშავდა.
მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 20 ივნისს 14:00 საათიდან შეიზღუდება. აქციის დასრულებამდე საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს.
ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქცია შაბათს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.