რამდენი ახალი სკოლა შეემატება სექტემბერში ქვეყანას

ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 20 საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულებას სექტემბერში გეგმავს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილი საქართველოს განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სკოლების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, ოქტომბერში დასრულდება. ამავე რაიონის სოფელ საქობოს სკოლა კი მოსწავლეებს 2021/22 სასწავლო წელს მიიღებს.

სიახლე განათლების სისტემაში: სკოლებში პოპულარული თამაში Minecraft-ის მეშვეობით ისწავლიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლები თანამედროვე სტანდარტებით შენდება. მათში გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, ექიმის კაბინეტები, მანდატურების ოთახები, სასადილოები, სპორტული მოედნები. ამასთან, სკოლები ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. სკოლების ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონების მოწყობაც იგეგმება.

ცქიტიშვილის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში 2019 წლიდან აქტიურად არიან ჩართული "მუნიციპალური განვითარების ფონდი" და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ფონდი ახალი და უკვე არსებული სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 220 მლნ ლარია.

„ამ ეტაპზე კახეთში ცხრა ახალი სკოლა შენდება. მათგან ერთი – სოფელ ბოდბის სკოლაა, რომელიც 90 ბავშვზეა გათვლილი. იმის გამო, რომ ძველი სკოლა დაინგრა, ბავშვები მეზობელი სოფლების სკოლებში დადიოდნენ, ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი მათ საშუალება ექნებათ განათლება საკუთარ სოფელში მიიღონ. საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი გვაქვს 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაცია. სექტემბრისთვის დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ, წლის ბოლომდე დასრულდება სკოლების მშენებლობა, რომლებიც ჯამში 4 170 ბავშვზეა გათვლილი", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველო სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე 70 მილიონ ევროს დახარჯავს

ცქიტიშვილმა და ჩხენკელმა ასევე დაათვალიერეს გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობა. განათლების მინისტრის თქმით, ინოვაციური ცენტრი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ცოდნა გაიღრმავონ.

„მსგავსი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია", – განაცხადა ჩხენკელმა.

გურჯაანში ინოვაციური ცენტრის მშენებლობის დასრულება მიმდინარე ზაფხულს იგეგმება. ორსართულიან შენობაში განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი. ასევე სხვადასხვა აქტივობებისთვის მოეწყობა ღია ტერასა. ცენტრის ტერიტორია კეთილმოწყობილი და შემოსაზღვრული იქნება, რომელსაც საკუთარი საპარკინგე ადგილი ექნება.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა ტარდება. ექსპერტებმა მოამზადეს განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, დაინერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება. ის მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად ჩამოყალიბებას.