ერთ კვირაში მეორე სპეცოპერაცია: მოსკოვის გამზირზე ერთი პირი დააკავეს

სავარაუდოდ, მიმდინარე სპეცოპერაცია უკავშირდება რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქის დაკავებას, რომელიც შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.  რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული პირი, ჯერჯერობით უცნობია.

სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება.

სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ატარებს.

ხელს ნუ უშლით გამოძიებას: უსაფრთხოების სამსახური მასმედიას მეორედ მიმართავს

ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

სუს-მა ორშაბათს დაადასტურა, რომ თბილისში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე მკვლელობის მომზადების საქმეზე. ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ საუბარია შეკვეთილ მკვლელობაზე და რომ დაკავებული ტელეარხის წამყვანის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა გასული წლის ზაფხულში პირდაპირი ეთერით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფის გამო.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს უკვე წაუყენეს ბრალი. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს სუს-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.