საპატრულო პოლიციის ყოფილი შეფი პატიმრობაში რჩება

ნასვამმა ბრალდებულმა თავის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე იარაღით დაემუქრა.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული საქართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე პატიმრობაში დატოვა.

პოლიციამ ცინარიძე მიმდინარე წლის 28 აპრილს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, თავის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან, მას ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, თან ერთხელ გაისროლა კიდეც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფონზე ოჯახური ძალადობის ფაქტები არ გაზრდილა

დაცვის მხარე ცინარიძის მიმართ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას და მის გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ცინარიძემ, როდესაც მას მოსამართლემ ჰკითხა, ცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ, დუმილის უფლება გამოიყენა.

დავით ცინარიძეს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2015 წელს ეკავა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.