ცნობილი გახდა საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის მატჩის ჩატარების თარიღი

წელს უეფას ეგიდით დაგეგმილი ყველა მატჩი კორონავირუსის გავრცელების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო, მათ შორის საქართველო–ბელარუსის შეხვედრა.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში, „დინამო არენაზე“ 8 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ფინალური მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება. ამგვარად, თუ საქართველოს ნაკრები ბელარუსს მოუგებს, ფინალში, რომელიც ასევე თბილისში გაიმართება, ის კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს დაუპირისპირდება.

საქართველო უეფასგან 4,3 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

პლეი-ოფის გამარჯვებული მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს, რომელიც მომდევნო წლის ზაფხულში გაიმართება.

თავდაპირველად საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის მატჩი „დინამო არენაზე“ 26 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სპორტული მოვლენა გაურკვეველი ვადით გადაიდო, მათ შორის ეს შეხვედრაც. თავდაპირველად უეფაში განაცხადეს, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალები ზაფხულის დასაწყისში შედგებოდა, მაგრამ შემდეგ მატჩები შემოდგომაზე გადაიტანეს, ხოლო ზუსტი თარიღები არ დაუსახელებიათ.

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის საკუთარ ჯგუფში გამარჯვებული გახდა და ბელარუსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს გუნდების მსგავსად ტურნირის პლეი-ოფში მონაწილეობის უფლება მიიღო.