ტურისტების საყურადღებოდ: როდის გაუარესდება ამინდი საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. თბილისში ღამით პლუს 19, დღისით კი პლუს 33 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი კვლავ გაუარესდება – უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე სეტყვა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 19 ივნისს

ამასთან, შენარჩუნდება ცხელი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს  ბარში ჰაერის ტემპერატურა პლუს 37, დასავლეთ საქართველოში კი პლუს 30 გრადუსი იქნება.

„საქართველოში 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 20 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. თბილისში ღამით პლუს 19, დღისით კი პლუს 33 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.