თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ათი წლის ბიჭი დაიხრჩო, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში – 20 წლის მამაკაცი. ორივე შემთხვევა მდინარე მტკვარზე მოხდა.
ფონიჭალაში მდინარეში საბანაოდ ორი მოზარდი შევიდა. მათი გაუჩინარების შესახებ შეტყობინება „112“-ის სამსახურში შევიდა.
ერთ-ერთი მოზარდი მალევე გამოიყვანეს ნაპირზე, ის შოკურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე კი დინებამ წაიღო და მისი ადგილსამყოფელის დადგენა სწრაფად ვერ მოხერხდა.
„მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე მდინარის სანაპირო ზოლზე. სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
რაც შეეხება სოფელ ქეშალოში მომხდარ უბედურ შემთხვევას, მდინარეში საბანაოდ ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელიც, სავარაუდოდ, დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო.
ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.