საქართველოში პლაზმოფერეზი კიდევ ერთ პაციენტს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარა

ქართველი ექიმები ინტენსიურად ეძებენ დონორებს მაღალი კონცენტრაციის ანტისხეულების მქონე პლაზმით, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობაში საკმაოდ ეფექტური გამოდგა
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. პაციენტების პლაზმა, რომელიც კორონავირუსის ანტისხეულებს შეიცავს, საქართველოში ორჯერ გამოიყენეს და ორივე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ზუგდიდში კორონავირუსის ახალ კლასტერს ელოდებიან? >>

ცერცვაძის თქმით, პლაზმით მკურნალობა გაგრძელდება, თუმცა დონორების მოძიება საკმაოდ რთულია.

„უნდა იყვნენ დონორები, რომლებიც თანახმა არიან, მაგრამ ყველა დონორის პლაზმა არ ვარგა. პლაზმა უნდა შეიცავდეს ანტისხეულებს მაღალი კონცენტრაციით. ამიტომ 10 დონორს რომ ვსინჯავთ, იქიდან ერთის პლაზმაა მარტო გამოსადეგი. ამიტომ ვერ გამოიყენება ეს მეთოდი ფართოდ და გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა სხვა მედიკამენტის მკურნალობა შედეგს არ იძლევა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, ვინც სურვილს გამოთქვამს რომ სხვას დაეხმაროს, ყოველდღე აბარებენ სისხლს, მაგრამ ყველა დონორის პლაზმა არ გამოდგება, აღნიშნა ცერცვაძემ.

„ამჟამად გვაქვს სამი თუ ოთხი გამოსადეგი პლაზმა“, - აღნიშნა მან.

რუსეთმა ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო: შერჩეულია 76 საცდელი პირი

პლაზმოფერეზი - ეს არის პროცედურა, რომლის დროს გამოიყენება იმ პაციენტების სისხლი, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. ექიმები უსხამენ დაავადებულს იმ პაციენტების პლაზმას, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს და ამ დაავადების წინააღმდეგ ანტისხეულები გამოუმუშავდათ.

ცერცვაძე ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეპარატმა „დექსამეტაზონმა“ კორონავირუსთან ბრძოლაში კარგი შედეგი აჩვენა.

„დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოში და ყველა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება, ამაში არაფერი ახალი არ არის. უბრალოდ, იმ კონკრეტულმა კვლევამ უჩვენა, რომ მძიმე პაციენტების გარკვეულ პროცენტში იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს, შეიძლება, ხვალ სხვა კვლევა გამოქვეყნდეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ თვითონ კორტიკოსტეროიდები არის ფართედ მოხმარებადი მედიკამენტები და, მათ შორის, კოვიდის დროსაც გამოიყენებოდა ფართოდ, ოღონდ ამ კორტიკოსტეროიდებს აქვს თავისი ჩვენებები, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ მედიკამენტს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
სამეცნიერო გარღვევა COVID-19-ის მკურნალობაში: ჯანმო განცხადებას ავრცელებს

ცერცვაძემ ასევე განმარტა, რომ ოფიცალური პროტოკოლებით, მათ შორის ჯანმო-ს გაიდლაინებით, კორონავირუსის ჩვეულებრივი ფორმების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. რადგან აღნიშნული მედიკამენტები ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებენ და ორგანიზმში ვირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ მისი გამოყენება სპეციალური დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არ არის.

„როდესაც ვირუსით გამოწვეული ე.წ. ციტოკინური შტორმია, (ეს სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ციტოკინების ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამოთავისუფლებას, რაც ხდება ვირუსის გავლენით) და ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ ძლიერი ანთებითი რეაქციის განვითარებას. ეს პროცესი დასაწყისში მიმართულია ადამიანის დასაცავად, მაგრამ რაღაც ეტაპზე უკვე დამაზიანებელია, როცა ეს შტორმი იწყება და ზოგჯერ ხდება სიკვდილის მიზეზიც“, - განმარტა ცერცვაძემ.

არსებობს ახალი აფეთქების რისკი: ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგი პეკინის შტამზე საუბრობს >>

მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი აღარ იყო, მაგრამ ციტოკინურმა შტორმმა ადამიანის მდგომარეობის გაუარესება და ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგიც კი გამოიწვია. სწორედ ამ ციტოკინური შტორმის შემცირებისა და შეკავების მიზნით გამოყენება დექსამეტაზონი. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ინფიცირებული არიან, მკურნალობენ რეანიმაციულ განყოფილებაში და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან ჩართულნი, დექსამეტაზონმა კარგი შედეგები აჩვენა და ლეტალური შედეგის მაჩვენებელი შეამცირა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 888-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.