თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. სტრესს, ჰორმონალურ ცვლილებებს, ასევე საკვებსა და სასმელს შეუძლია ადამიანში თავის ტკივილთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმების თქმით, მათ, ვისაც ხშირად აწუხებს შაკიკი (ჰემიკრანია), თავი უნდა აარიდონ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებიც, შესაძლოა, ტკივილის პროვოცირების წყარო იყოს.
ქვემოთ გთავაზობთ იმ შვიდი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა მიღებისგან ან საერთოდ უნდა შეიკავოთ თავი, ან მინიმუმამდე უნდა შეამციროთ, თუ გსურთ თავის ძლიერი ტკივილები აირიდოთ.
წითელი ღვინო — ბევრმა თქვენგანმა თავის აუტანელი ტკივილი შეიძლება თუნდაც ერთი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ იგრძნოს — მეორე დღეს ან რამდენიმე საათის შემდეგ. შესაძლოა იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრი ღვინო და ძალიან ცოტა წყალი დალიეთ. მაგრამ ტკივილი შეიძლება ასევე დამოკიდებული იყოს ღვინის სახეობაზეც.
ირკვევა, რომ წითელი ღვინო უფრო მეტ ჰისტანინსა და ტანინს შეიცავს, ვიდრე სხვა ღვინოები. სწორედ ამ ორ ნივთიერებას შეუძლია თავის ძლიერი ტკივილის გამოწვევა.
შოკოლადი — შოკოლადი შეიცავს ნივთიერება თირამინს, რომელიც, როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, იწვევს შაკიკს. ალბათობა იმისა, რომ უბრალოდ შოკოლადის ჭამის შემდეგ შაკიკი დაგემართებათ, მცირეა, მაგრამ თირამინით მდიდარ სხვა საკვებთან ერთად მისი მიღების დროს რისკი მატულობს.
მაგალითად, თუ წითელ ღვინოსთან ერთად შოკოლადს მიირთმევთ, იცოდეთ, რომ თავის ტკივილი თითქმის გარანტირებულია. ამიტომ ან უარი უნდა თქვათ ამ ჩვევაზე, ან შეეცადეთ რაოდენობა შეამციროთ.
სუნიანი ყველი — შოკოლადის მსგავსად თირამინი ყველშიც შედის. ეს ძირითადად ეხება ყველის ისეთ სახეობებს, როგორებიცაა: კამამბერი, გორგონზოლა და როკფორი. სწორედ მათშია თირამინი დიდი რაოდენობით კონცენტრირებული.
ასე რომ, უარი თქვით სუნიან ყველზე, თუ იცით, რომ მის მიმართ მგრძნობიარე ხართ.
ციტრუსები — მიუხედავად იმისა, რომ ყველა მკვლევარი არ ეთანხმება მტკიცებას, თითქოს ციტრუსები თავის ტკივილს იწვევს, ალბათ მაინც სასურველია გაითვალისწინოთ ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია.
ყავა — საუბარია მიღებული ყავის რაოდენობაზე. შაკიკის შეტევის მიზეზი შეიძლება დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მიღებული ყავა გახდეს. ამიტომ თუ ყავის დიდი მოყვარული ხართ, კარგი იქნებოდა რამდენიმე ფინჯნის გამოტოვება.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად მცირე რაოდენობით ყავას თავის ტკივილის მოხსნა შეუძლია. ამიტომ სულ ნუ უგულებელყოფთ ამ სასმელს.
ბეკონი და ძეხვი — დამუშავებული ხორცი ძეხვისა და ბეკონის სახით, ასევე შებოლილი თევზი, შეიძლება დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავდეს. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შაკიკსა და თავის ტკივილს იწვევს.
ცხარე საკვები — თავის ტკივილის გამოწვევა თურმე ცხარე საკვებსაც შეუძლია. სპეციალისტების ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ნივთიერება კაპაციზინია, რომელიც წიწაკა ჩილიში შედის. მიიჩნევა, რომ ამ ნივთიერებას თავის ტკივილის გამძაფრება და, უარეს შემთხვევაში, შაკიკის შეტევის გამოწვევაც კი შეუძლია.