თუ გააგრძელებთ დაბინძურებული პირბადეების გამოყენებას...

ახლა უკვე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძვირფასი პირბადე, ერთჯერადი მოხმარების ნივთი, მრავალჯერადი გახდა.
Sputnik

ვირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი გზა სამედიცინო ნიღბის ტარებაა. მისი დანიშნულება ვირუსებისა და ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს.

საქართველოში პირბადის ტარების აუცილებლობა 15 ივლისამდე მოქმედებს, თუმცა მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ეს ვადა გაგრძელდეს.

ექსპერტები თეთრზე შავად წერენ, რომ ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს და ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია. საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირბადის ტარების წესიც კი დაადგინა.

ვინ ივლის პირბადის გარეშე: ვინ მოხვდა მთავრობის „მწვანე სიაში"

წესი დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში, ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მეტროს ჩათვლით, ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი, რომელმაც ადამიანის პირბადის გარეშე ყოფნა დაუშვა, 500 ლარით დაჯარიმდება.

ვერავინ იტყვის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის საკითხია თუ ჯარიმების, მაგრამ პირბადიან ადამიანს ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. თუმცა ძალიან ხშირად ადამიანებს პირბადე მოვალეობის მოხდის მიზნით უკეთიათ, ხშირად დაბინძურებულიც, რომელიც არათუ დაიცავს მათ ინფექციისგან, არამედ ახალი ინფექციის წყარო თავად ხდება. აქ საუბარია დაბინძურებულ პირბადეეზე, რომელიც ჯიბეში უდევთ მოქალაქეებს იმის შიშით, რომ არ დააჯარიმონ.

„Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო გულუა განმარტავს, რომ ნიღბის ხანგრძლივი ტარება, მით უმეტეს დაბინძურებულის, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. თუ გაგრძელდება დაბინძურებული პირბადეების ტარება, უმართავი გახდება სიტუაცია და ბევრად უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ.

„ჩვენს ცხვირ-ხახაში უხვადაა არაპათოგენური, ან პირობითპათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ანაერობულ პირობებში შეიძლება პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი დამაზიანებელი გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როდესაც აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში, მატარებელში 5-6 საათის განმავლობაში 80 მგზავრის ერთად ყოფნა მიუღებელია, თუნდაც პირბადეებით“, – განაცხადა ნინო გულუამ.

მედიცინის აკადემიური დოქტორის განმარტებით, თუ ვამბობთ, რომ დასჯადია ნიღბის გარეშე სიარული დახურულ საჯარო სივრცეში, მაშინ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეები ერთჯერადი სტერილური პირბადეებით და დაავალდებულოს ბიზნესიც, რომ იქონიონ მომხმარებლებისთვის ერთჯერადი პირბადეები.

თუ გააგრძელებთ დაბინძურებული პირბადეების გამოყენებას...

ამის პარალელურად ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, თუ რამდენად ბევრი ადამიანი მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე. ვარგისია თუ არა ამ დროს პირბადე, ეს უკვე მეორე საკითხია.

ყოველდღიურად ხშირად ვხედავთ, რომ მოქალაქეებს პირბადე ნიკაპზე უკეთიათ და ის ცხვირს და პირს სრულად არ ფარავს. ამან შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის რისკი შექმნას.

ვირუსის განადგურების და სტერილიზაციის რამდენიმე ეფექტიანი გზა არსებობს. მაგალითად, დასხივება, გამოხარშვა, ორთქლით დამუშავება, ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაცია. თუმცა მეთოდის არჩევისას სტერილიზაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბმა არ დაკარგოს პირველადი სახე, სტრუქტურა და დარჩეს უსაფრთხო მოხმარებისთვის.​

კორონავირუსის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციის გავრცელების დროს მნიშვნელოვანია ჰიგიენისა და თავდაცვის საშუალებების გამოყენების წესების დაცვა. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯარიმებით უნდა იყოს თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.