მსოფლიო დღეს

ამერიკელი პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს: საკუთარი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია

განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი SWAT უკვე დატოვა ათმა თანამშომელმა, ხოლო ბუფალოს პოლიციის დეპარტამენტის საგანგებო რეაგირების ჯგუფიდან დაახლოებით 60 ოფიცერი წავიდა.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. აშშ-ში პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, იუწყება ტელეარხი CNN.

ტელეარხის მონაცემებით, მინეაპოლისში, სადაც იფეთქა პირველმა პროტესტმა, შვიდმა პოლიციელმა უკვე დატოვა სამსახური, ხოლო კიდევ ხუთი ოფიცრის განცხადება განხილვის სტადიაშია. 

გარდა ამისა, რვა სამართალდამცველი წავიდა სამსახურიდან ატლანტაში, მათ შორის, ქალაქის პოლიციის უფროსი ერიკა შილდსი.

ამერიკელი პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს: საკუთარი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორიდაში განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი SWAT უკვე დატოვა ათმა თანამშომელმა. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვიდან გამომდინარე მიიღეს. ხოლო ბუფალოს პოლიციის დეპარტამენტის საგანგებო რეაგირების ჯგუფიდან დაახლოებით 60 ოფიცერი წავიდა.

აშშ-ში კვლავ გრძელდება რასიზმის წინააღდეგ საპროტესტო აქციები, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისის პოლიციას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა დაკავებისას. აქციები ქვეყნის მთელ რიგ ქალაქებში არეულობაში გადაიზარდა, ადგილი აქვს ვანდალურ აქტებს, ხანძრის გაჩენას, ძარცვასა და პოლიციასთან შეტაკებებს.