ჭუბერის ტყეში ხანძარი გაჩნდა

ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი, ამის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დღეს შევიდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური.

ადგილზე ინდივიდუალური სპეციალური აღჭურვილობით და დრონით გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრომის პროცესში ჩართული იყო მესტიის და ჯვრის სამმართველოები.

ამ დროისთვის წიწვოვან ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება, აღნიშნავენ უწყებაში.