თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს საკალათბრუთო ნაკრების ლიდერმა და ესპანური „ბასკონიის“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თავის შესაძლო გადასვლაზე მოსკოვის „ცსკა“-ში.
„მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლაზე არაფერს ვიტყვი. ამჟამად „ბასკონიასთან“ ორწლიანი საკონტრაქტო ვალდებულებები მაკავშირებს. ახლა მხოლოდ ჩემი გუნდის წარმატებაზე და ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნით ნაწილზე ვფიქრობ“, – განაცხადა შენგელიამ.
რამდენიმე დღის წინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ცსკა“-მ და შენგელიამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ქართველი კალათბურთელის „არმიელების“ რიგში გადასვლის თაობაზე. ბერძნული პორტალი SDNA-ს ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა მილიონ-ნახევარი ევროს ფარგლებში მერყეობს.
ესპანეთის ჩემპიონატი, რომელიც COVID-19-ის პანდემის გამო შეწყდა, 17 ივნისს განახლდება და 30 ივნისს დასრულდება. ყველა მატჩი ვალენსიაში ჩატარდება. ტიტულს ერთმანეთში 12 გუნდი გაითამაშებს.
შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მანამდე ის გამოდიოდა ისეთ კლუბებში, როგორიცაა ესპანეთის „ვალენსია“, ბელგიის „შარლერუა“, ასევე NBA-ს ორი კლუბი – „ბრუკლინ ნეტსი“ და „ჩიკაგო ბულზი“.