ზურაბიშვილმა უსაფრთხოების სამსახურს მკვლელობის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა

ამ დროისათვის სუს-ი საქმის დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს და მოუწოდებს თავი შეიკავონ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული სპეცსამსახურების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა და რეზონანსული მკვლელობის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო, დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“, - ზურაბიშვილის განცხადება მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია „ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებაზე“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დაადასტურა, რომ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვინმე ვ. ბ., რომელიც შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეში ფიგურირებს. სპეცოპერაცია გასულ პარასკევს თბილისის ერთ-ერთ უბანში ჩატარდა, საქმეს კონტრტერორისტული ცენტრი იძიებს.

იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია? რას ამბობს უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა ტელეეთერში, რომ დაკავებული გეგმავდა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, რომელმაც გასული წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა.

საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.

„აუცილებელია, დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის სუს-ი საქმის დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს და მოუწოდებს თავი შეიკავონ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.