თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია მომავალი წლის 25 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია კინოაკადემიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია Twitter-ზე.
„მართალია – შემდეგი ოსკარი გაიმართება 2021 წლის 25 აპრილს“, – ნათქვამია განცხადებაში. ნომინაციები გამოცხადდება 2021 წლის 15 მარტს.
მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიის ორი თვით გადადების გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.
ანიმაციური მხატვრული ფილმის, დოკუმენტური მხატვრული ფილმის, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, საერთაშორისო მხატვრული ფილმისა და ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარდგენის ვადა 2020 წლის 1 დეკემბერით განისაზღვრა. საუკეთესო ფილმისა და ორიგინალური სიმღერის წარდგენის ბოლო ვადა კი 2021 წლის 15 იანვარია.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის ჩატარება თავდაპირველად 2021 წლის 28 თებერვალს იყო დაგეგმილი.