გაივლიან თუ არა კარანტინს გერმანიაში საქართველოდან ჩასული მგზავრები

მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, მკურნალობა, განათლების მიღება ან გაგრძელება, მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გერმანიაში საქართველოდან ჩასული მგზავრების კარანტინში გადაყვანა არ მოხდება, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე.

უწყების ინფორმაციით, რობერტ კოხის ინსტიტუტმა, რომელიც გერმანიაში ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებაა, გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რისკის შემცველ ქვეყნებად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.

„პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის ამ სიაში და შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.

თურნავა: მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, დაუდექით ადგილობრივ ტურიზმს გვერდში

ქართული მხარის ინფორმირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამოქმედებული ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანსა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ჰუბერტ ქნირშს შორის დღეს  გამართულ შეხვედრაზე მოხდა.

 შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით ქართული მხარის მიერ პროცესის ეფექტიანი მართვა და პოზიტიური შედეგები

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის.

„მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება“, - წერია სამინისტროს გვერდზე.

Lonely Planet: „მწვანე ბარათი" საქართველოს, საბერძნეთს, პორტუგალიას, ხორვატიას, რუმინეთს

ამასთან, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ სქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მისცემს მათ საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვეტოს აღნიშნული საკითხი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 882-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-სგან ბოლო დღე-ღამეში 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.