თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩინური საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი და Midea Group-ის დამფუძნებელი, 77 წლის ჰე სიანცზიანი გასულ კვირას მძევლად აიყვანეს, იუწყება South China Morning Post–ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ფოშანში მდებარე მის მდიდრულ ვილაში ბოროტმოქმედები ასაფეთქებელი ნივთიერებებით შეიარღებული შეიჭრნენ, მაგრამ მილიარდერის ერთადერთმა შვილმა, 55 წლის ცე ცზიანფენმა გაქცევა მოახერხა.
ირკვევა, რომ მან ვილის გვერდით მდებარე მდინარე გადაცურა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა 15 ივნისს, სისხამ დილით დააკავეს ხუთი ეჭვმიტანილი, ჰე სიანცზიანი კი გაათავისუფლეს.
არსებული ცნობით, ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში პოლიციას მხოლოდ გვარი ჰე ჰქონდა აღნიშნული, თუმცა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ საუბარი სწორედ სიანცზიანზე იყო.
ამასთან, მილიარდერის მიერ დაფუძნებულმა Midea Group-მა პოლიციის განცხადება საკუთარ აკაუნტზეც გამოაქვეყნა Weibo-ზე (Twitter-ის ჩინური ანალოგი).
2019 წელს ჩინეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის ჰე სიანცზიანმა მეექვსე ადგილი დაიკავა. იმ დროს მისი ქონება 23,2 მილიარდი დოლარით ფასდებოდა. Forbes Real Time რეიტინგის მონაცემებით, რომელიც მილიარდერების ქონებას რეალურ დროში აჩვენებს, ამჟამად 77 წლის ბიზნესმენი ჩინელ მილიარდერებს შორის მეშვიდე ადგილზეა 24,8 მილიარდი დოლარით.