სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ კორონავირუსის პერიოდში ინსპექტირების ჯგუფები აგრარული ბაზრების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება. თუმცა რამდენად ძლიერი მექანიზმია ეს უსაფრთხოებისთვის, ან არის თუ არა საკმარისი – ვერავინ იტყვის.
არც ისე იშვიათია, როდესაც უწყება ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს და ბევრ მათგანს ხურავს. კომპანიას კი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო აჯარიმებს.
რთული სათქმელია, რამდენად გამართულად მუშაობს სასწორი ბაზრებში და რამდენად არის დაცული ჰიგიენა, მით უფრო, პანდემიის დროს, როცა ეკონომიის გამო ათასობით ადამიანს უწევს იქ ვაჭრობა. ბაზარში რამდენად უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს, თუ გეტყვით, რომ უამრავ ადამიანს პირბადე ყველაზე კარგ შემთხვევაში ნიკაპზე უკეთია?
რაც შეეხება ინდივიდუალურ დაცვას, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ სამედიცინო ნიღაბი ნაკლებად ეფექტურია, თუმცა ფიზიკური ბარიერის შექმნა ზედმეტი არ იქნება. თუ ვერ იყიდეთ, ნიღაბი თავადაც შეგიძლიათ შეიკეროთ...
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე დღის ბოლოს უნდა მოხდეს დასუფთავება (გარეცხვა). დეზინფექცია (დერატიზაცია, დეზინსექცია) უნდა ჩატარდეს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო ინფექციური დაავადებით დაავადებული ცხოველის გამოვლენისას იმავე დღეს უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა) და ჩატარდეს დეზინფექცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ არასათანადო პირობებში განთავსებული მალფუჭებადი სურსათი, ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს, სადაც მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ.
მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკონომიის მიზნით უფრო სასურველია სურსათი ბაზარში შეიძინოს, თუმცა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ღია აგრარულ ბაზრებში სანიტარული ნორმები არ არის დაცული.
რაც შეეხება სუპერმარკეტებს, მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ პროდუქციის უმეტესობა შეფუთულია, არის საკმაოდ კარგი აქციებიც და ჰიგიენის ნორმები ბაზართან შედარებით მეტად არის დაცული, არც გარემო პირობები აწუხებთ და ამიტომაც ურჩევნიათ მეტი თანხის გადახდა.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, პანდემიის პირობებში სასურველია პლასტიკური ბარათით გადახდა, რადგან ნაღდი ანგარიშსწორების დროს დაბრუნებული ხურდა შესაძლოა ვირუსის დამატებითი წყარო იყოს. ბარათით გადახდა აგრარულ ბაზარში უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია.
ერთადერთი, რაზეც მოვაჭრეები და მომხმარებლები თანხმდებიან, არის ის, რომ პანდემიის ფონზე ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა.
თბილისის ბაზრებსა და სუპერმარკეტებში გამოკითხულ რესპონდენტთა უმეტესობა ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით სურსათის ფასები წელს ყველგან გაძვირებულია. ზოგი მათგანი სუპერმარკეტში არჩევს ვაჭრობას, ზოგიც ბაზარში. პირობები და ფასები კი მკვეთრად განსხვავდება. მაგალითად:
ყველი
სანამ ყველზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ რძე ერთ-ერთი პროდუქტია, რომელსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ. მით უმეტეს, რომ მისი ფალსიფიკაციის საშუალება ძალიან ბევრია. მნიშვნელობა არა აქვს სად ყიდულობთ რძეს – ბაზარზე თუ პირდაპირ ძროხის მფლობელი ბებოსგან. ვინ იცის, ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული თეთრი სითხე შესაძლოა მხოლოდ სახელად იყოს რძე. თუ ადრე რძეში სოდასა და ცარცს ურევდნენ, ახლა ტექნოლოგიები გაცილებით შორს წავიდა. რძისგან კი ყველი მზადდება...
ბაზარში ყველი სახეობების მიხედვით არის შეფასებული. სულგუნის ფასი 17-დან 22 ლარამდე მერყეობს, ხოლო იმერული ყველი საშუალოდ 13 ლარი ღირს.
სუპერმარკეტებში სულგუნის ფასი 19 ლარიდან იწყება. 1 კილოგრამი იმერული ყველი კი 16-20 ლარი ღირს.
ხორცი
საქონლის რბილ ხორცს ბაზარში 16 ლარიდან შეიძენთ. ღორის ხორცის ყიდვა 13 ლარიდან შეგიძლიათ. ქათამი კი 8-9 ლარი ღირს.
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი.
სუპერმარკეტებში საქონლის რბილი ხორცი 22 ლარი ღირს, ღორის – 15-17. შეფუთულ ნაჭრებს ვადა და შენახვის პირობები მითითებული აქვთ.
თევზი
თევზის სექციაში ამბობენ, რომ სუპერმარკეტებთან შედარებით ღირებულება აქ 3-4 ლარით ყოველთვის იაფია. კალმახი 12 ლარად იყიდება, გაყინული ორაგული – 13 ლარად, ხოლო სქელშუბლა – 5-6 ლარად.
გამყიდველი სიმართლეს ამბობდა. სუპერმარკეტებში თევზის ფასი 15 ლარიდან იწყება.
ხილი და ბოსტნეული:
ბაზარში ახალი კარტოფილის ფასი 4 ლარამდე მერყეობს. 1 კილოგრამი კიტრის შეძენა 1 ლარად შეგიძლიათ, პომიდვრის – საშუალოდ 3-4 ლარად. წითელი ბულგარული 5 ლარი ღირს. რაც შეეხება ხილს, ქართული ვაშლი 2.50 ლარი, მწვანილი – 1 კგ 5 ლარი, მარწყვი კი 7 ლარი გახდა.
სუპერმარკეტებში 1 კგ პომიდორი (ჩერი) საშუალოდ 6 ლარი ღირს. წითელი ბულგარული ის ერთადერთი ბოსტნეული აღმოჩნდა, რაც ბაზრის ფასებთან შედარებით სუპერმარკეტებში მცირედით იაფი იყო – 4.50-დან 5 ლარამდე. თუმცა მარწყვის ფასი მკვეთრად განსხვავდება და 11-12 ლარი ღირს.
როგორც აღმოჩნდა, ბაზარში სუპერმარკეტთან შედარებით ფასები დაბალია და მაინც ყველაზე ხშირად გაიგებთ „ცოტა დამიკელით“.
„ცოტა დამიკელისთან“ ერთად აუცილებელია მომხმარებლებმაც დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა იმ გზით, რომ არ შეიძინონ დაბინძურებულ ტერიტორიაზე განთავსებული პროდუქცია. ასევე მიაქციონ ყურადღება, როგორ პირობებში ინახება საქონელი.
დროა ვისწავლოთ, რაზე გავაკეთოთ ეკონომია.