თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელთა შორის რაგბიში შეიძლება საქართველოში მეორედ ჩატარდეს. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა.
„მსოფლიო რაგბი გვთავაზობს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ჩემპიონატს, როგორც ეს 2017 წელს იყო. „ტიერ 2“-ის ქვეყნის ნაკრებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ ხუთჯერ არასდროს უთამაშია. მეტსაც გეტყვით, საქართველო არც ერთ ტურნირზე არ ყოფილა მაჩანჩალა“, – განაცხადა სვანიძემ რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook-გვერდზე პირდაპირ ეთერში.
ამასთან, კავშირის პრეზიდენტს ტურნირის ჩატარების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (U-20) მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ ოთხჯერ მონაწილეობდა. გასული ტურნირის შედეგებით მან მეხუთედ მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.
გუნდის საუკეთესო შედეგი U-20 მსოფლიო პირველობაზე მეცხრე ადგილია 2018 წელს.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში 2017 წელს გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მაშინ მეათე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი კი ახალი ზელანდიის გუნდი გახდა.