საქართველოში 15 ივნისიდან დაშვებულია შიდა ავიარეისები

ავიაკომპანია Ak-Air Georgia მზადაა ადგილობრივი მიმართულებებით ფრენების აღდგენისთვის, როგორც კი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგან“ ნებართვას მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოში შიდა ავიარეისები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, შეიძლება 15 ივნისიდან აღდგეს.

ორშაბათიდან საქართველოში ასევე აღდგა შიდა ტურიზმი და მგზავრთა გადაყვანა რკინიგზით. 1 ივლისიდან კი იგეგმება საერთაშორისო მოგზაურების მიღების აღდგენა.

როდის განახლდება შიდა ავიარეისები საქართველოში

ქართულმა ავიაკომპანია Ak-Air Georgia-მ ჯერ კიდევ გასულ კვირაში განაცხადა, რომ მზადაა განაახლოს რეგულარული შიდა რეისები. ის ფრენებს ასრულებს თბილისი–ბათუმის, ნატახტარი–მესტიისა და ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით. ბილეთების დასაჯავშნად საჭიროა კომპანია Vanilla Sky-სთან დაკავშირება.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ კომპანიაში განუცხადეს, პირველი ფრენების შესასრულებლად ყველაფერი მზადაა, მაგრამ ზუსტი გრაფიკის შესადგენად „აეროპორტების გაერთიანების“ ნებართვაა აუცილებელი.

„მზად ვართ მგზავრების მომსახურებისთვის. ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველოდებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ნებართვას. როგორც კი მივიღებთ მას, ჩვენს Facebook-გვერდზე გამოვაქვეყნებთ ფრენების გრაფიკს“, – განაცხადეს Vanilla Sky-ში.

რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია>>

აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, რა სიხშირით განხორციელდება ფრენები ზემოაღნიშნული მიმართულებებით.

არსებული ინფორმაციით, ავიაბილეთების ფასები არ შეიცვლება.

როგორ უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას თბილისის აეროპორტი

ნატახტარი–მესტიის რეისის ფასია 90 ლარი უფროსებისთვის, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. სამ წლამდე ბავშვების გადაყვანა უფასოა. ბილეთის ფასი ნატახტრიდან ამბროლაურში 50 ლარია, ხოლო თბილისი–ბათუმის რეისის – 125 ლარი.

რაც შეეხება მგზავრთა უსაფრთხოებას, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს დამცავი პირბადეების ტარებას ავალდებულებს. მგზავრები გვერდიგვერდ ისხდებიან, მგზავრებს შორის ადგილის ბლოკირების გარეშე.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კერძო სექტორი მზადაა გახსნას შიდა ტურიზმი, განაახლოს სარკინიგზო და ავიამიმოსვლა. შემუშავებულია რეკომენდაციები და სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ტურისტულმა ობიექტებმა ან ტურისტულმა ტრანსპორტმა.

საქართველოში საქალაქთაშორისო ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა მუშაობა 8 ივნისს განაახლეს. ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან ამუშავდა.