ვინ არის საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი

გარდაცვლილი მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და საავადმყოფოში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო, აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა. ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო“: საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

13 ივნისს საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და საავადმყოფოში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო. 

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის  ინფიცირებულთა რაოდენობამ 851-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 702 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.