თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბეჟან გუნავამ პარტიის რიგების დატოვების და ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის დასახელება იქნება „ქართული არჩევანი“.
„პატრიოტთა ალიანსში“ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ არ არის. მიუღებელია პარტიის მართვის ის პრინციპები და გადაწყვეტილებების მიღების ის ფორმები, რომელიც „პატრიოტთა ალიანსში“ არსებობს, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა“, - განუცხადა გუნავამ ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ გეგმავს ახალი ორგანიზაციის შექმნას, რომელშიც 90%-ით ახალგაზრდები შევლენ.
„ჩვენ შემოვივლით ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, ყველა ოჯახს. დაწყებული მასშტაბური პრობლემებიდან, დამთავრებული რიგითი ოჯახური პრობლემებით, ვიბრძოლებთ ყველა ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, გადაწყვეტის ფორმები კონსტრუქციული დიალოგი იქნება“, - განაცხადა გუნავამ.
ბოლო წლებში ბეჟან გუნავა იყო „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტი, მონაწილეობდა ბევრ საპროტესტო აქციაში. არაერთხელ არის დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
„პატრიოტები" IRI-სა და NDI-ს წინააღმდეგ: პარტია საკუთარ მასშტაბურ გამოკითხვას იწყებს >>
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი „გაერთიანებული ოპოზიციიდან“.
შეგახსენებთ, რომ შაბათს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დატოვა.