თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა

ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. მისი განკურნება დროული ვაქცინაციით შეიძლება
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ძაღლს ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა, იუწყება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

შემთხვევა კახეთში: ცოფიანმა ძაღლმა ორი მამაკაცი დაკბინა

რვა ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა.

ცხოველის ლეტალობა ცხრა ივნისს დაფიქსირდა.

ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა.

2019 წელს თბილისში ცხოველებში ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ.

ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. მისი განკურნება დროული ვაქცინაციით შეიძლება.