„მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო“: საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და საავადმყოფოში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და საავადმყოფოში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„გარდაიცვალა პაციენტი ჩვენს კლინიკაში, 68 წლის მამაკაცი, რომელიც გადმოყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. იქ მკურნალობდა დაახლოებით 4-5 დღე „კოვიდით“. დინამიკიში გამოიხატა სუნთქვის უკმარისობა. შემოყვანისთანავე იყო მართვით სუნთქვაზე, ჰემოდინამიკა იყო დარღვეული, ანამნეზში ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობა აღმოჩნდა უშედეგო და სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის  ინფიცირებულთა რაოდენობამ 851-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 702 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.